ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სამრეკლოს ყელის ირგვლივ ხარაჩო გუმბათის კარნიზამდე ამოყვანილია, - ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არქიტექტორ- რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის უშუალო ზედამხედველობით სამრეკლოს სახურავზე მიმდინარეობს აზომვითი, კვლევითი და საფიქსაციო სამუშაოები.
"უახლოეს დღეებში დაიწყება სამრეკლო-კარიბჭის კონსტრუქციული ნახაზების დამუშავება.
ასევე, გრძელდება მუშაობა სამრეკლოსა და ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთი მინაშენის გადახურვის რესტავრაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციაზე.
ამავდროულად, წმ. გიორგის ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ ხარაჩოს მოწყობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. გუმბათის ყელის სიმაღლე 14 მეტრია. დღეის მდგომარეობით, ხარაჩო აგებულია გუმბათის ყელის 10 მეტრზე.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას გატეხილია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 3000 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო", - ნათქვამია ინფორმაციაში.