დედაქალაქის მერიის პროექტის - „თბილისი - იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, 15-დან 29 ივლისის ჩათვლით, კოჯრის ტყეში ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI ჩატარდება.

ახალი მედია ხელოვნება და თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა ხშირად დახურულ სივრცეებშია წარმოდგენილი, TKESHI - New Media Art ფესტივალის მიზანი კი თანამედროვე კულტურის ბუნებაში გატანა და შთაგონების ძიებაა იქ, საიდანაც ადამიანის ისტორია იწყება.

15 ივლისიდან ფესტივალის პროგრამა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი იდეა მიზნად ისახავს ბუნებასთან კავშირში, ღია ცის ქვეშ, მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური გამოცდილების გაზიარებას ფართო აუდიტორიისთვის. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.

15, 22, და 28 ივლისი ფესტივალის პროგრამის განსაკუთრებული დღეებია, როდესაც 15:00 საათიდან მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ისეთი საერთაშორისო არტისტების აუდიო-ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს, როგორებიც არიან: ბერლინში მცხოვრები იაპონელი არტისტი Ryoichi Kurokawa, ელექტრონული მუსიკის გერმანელი არტისტი Amelie Duchow, ასევე, საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული პროექტი WHITE BALANCE  და სხვები.

სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე https://fb.me/e/Uu6oqGh3.

მთავარი პროგრამის პარალელურად, ივლისის მეორე ნახევარი დაეთმობა ფესტივალის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს - საუბრები მონაწილე არტისტებთან, ვორქშოფები, პერფორმანსები, ჩვენებები და სხვა.

სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/sN4mE9O5.

კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებენ კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.

ნავიგაციის გასამარტივებლად, Google Maps-ში საჭიროა ჩაწეროთ: TKESHI.