"თუ ვიტყვით, რომ პატრიარქის დაწერილი წერილი ანდერძია, არც ეს იქნება მართალი, რადგან იქ არ წერია, რომ ვწერ ანდერძს. ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, თუ სხვანაირად ვიტყვით, ბრძანებულება, რაღაც ნომრით დაწერილი წერილი და ეს არის პატრიარქის სურვილი,"- ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, რადგან პატრიარქის ხელნაწერი წერილით არის დადგენილი კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სინოდის ყველა წევრმა დაამტკიცა, რომ მეუფე შიო იქნება ხელმძღვანელი წინასაარჩევნო პერიოდის, ვიდრე არ მოხდება კანდიდატების გამორჩევა, კრების მოწვევისთვის ყველა საქმიანობის ჩატარება, კომიტეტების შექმნა და სხვა.
„ეს ჩვენ, სინოდის წევრებმა დავუმტკიცეთ მეუფე შიოს, როგორც მოსაყდრეს. აქედან გამომდინარე, ასე ანდერძი არ თქმულა და არც არის. თუ ვიტყვით, რომ პატრიარქის დაწერილი წერილი ანდერძია, არც ეს იქნება მართალი, რადგან იქ არ წერია, რომ ვწერ ანდერძს. ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, თუ სხვანაირად ვიტყვით, ბრძანებულება, რაღაც ნომრით დაწერილი წერილი და ეს არის პატრიარქის სურვილი, აზრი, დამოკიდებულება არსებულ საკითხთან. ამდენად, ანდერძი წასაკითხი არ იყო, რადგან მოსაყდრე იყო მეუფე შიო და ჩვენ, ყველა წევრმა მივეცით მას თანხმობა, იყოს მოსაყდრე ამ პერიოდში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.




