„საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა, ამ კუთხით წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი სოფელ დიღომში, ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედნებიც, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჯამში 13 მისამართზე განხორციელდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურა 74 263 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 11 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.
„207 პროექტი განხორციელდა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, რეაბილიტირდა 91 ლიფტი, 36 მისამართზე შეკეთდა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ხოლო 25 მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 13 ღონისძიება ჩაატარა“, - აღნიშნა გიზო ვასაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს 25 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, შედეგად ახალი დასასვენებელი სივრცეები გაჩნდა.
საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამში, 31 260 069 ლარი დაიხარჯა.
ამასთან, პრეზენტაციაზე გამგებელმა მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები აკაკი ალადაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე, დედაქალაქის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.