ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა კობალაძის თქმით, ბარამიძის ეს განცხადება „არ არის მხოლოდ ვეტერანებისთვის სილის გაწვნა, ეს არის ყველანაირი პერსპექტივის მოსპობის მცდელობა ქვეყნისთვის“.
„უცებ გამოდის ეს მაკრუსუნე ელემენტი და ხელაღებით საუბრობს, თურმე რუსული დისციპლინის ქვეშ მყოფი შემადგენლობა გაცილებით უფრო ღირსეულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს და ტყვეების მიმართ ბევრად უფრო შემნდობები იყვნენ, ვიდრე ქართველები და საქართველოს მხარეს მებრძოლი ის ადამიანები, რომლებიც მართლა უდიდესი მისიით იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ასეთი ბრალდება ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წაუყენებია ჩვენთვის, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღირსებით მებრძოლი ადამიანები.
საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ დაახლოება ერთმანეთთან. დაღუპულების გადმოსვენების პროცესში უდიდესი თანადგომა აქვს აფხაზურ მხარეს, საკმაოდ დიდი და იმედიანი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენს შვილებს შორის. როდესაც სახელმწიფო ვერ ჩაითრიეს ომში, ახლა გააჟღერეს აბსოლუტურად უაზრო ბრალდება. ჩვენ ერთობლივი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი კომპეტენტური მოკვლევის ჩატარებაში, მოვითხოვთ, გაგვარკვიოს ჭეშმარიტებაში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.




