“დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლიდანაც ნათლად დაინახავთ, რომ ეს საქმე აბსოლუტურად არის დაცლილი სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დავალებებს აძლევენ მიკერძოებულ სასამართლოს. არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.” - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის "ნაცმოძრაობის” დეპუტატი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
“ვართ მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე. დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია, დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლიდანაც ნათლად დაინახავთ, რომ ეს საქმე აბსოლუტურად არის დაცლილი სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია და კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დავალებებს აძლევენ მიკერძოებულ სასამართლოს, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. რაც შეეხება დანარჩენს, მოწვეული გვყავს მოწმე -თემურ მღებრიშვილი, არ ვიცი გამოცხადდება თუ არა. ერთხელ გვყავდა გამოძახებული და ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა დაკითხვაზე და ვნახოთ დღეს რას იზამს.
იგი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ასე ვთქვათ, ასრულებდა ისეთ განკარგულებებს, რასაც მე. როდესაც ღარიბაშვილი იყო პრემიერი ანალოგიური განკარგულებები გამოიცემოდა და ანალოგიურ განკარგულებებს ასრულებდა თემურ მღებრიშვილიც, ანზორ ჩუბინიძეც, ა.შ. და ა.შ. ესეც იმისთვის გვჭირდება, რომ ნახოთ რაოდენ დაცლილი არის სამართლისგან საქმე.
ანზორ ჩუბინიძემ დაკითხვის დროს თქვა, რომ მოცემულ საქმეზე იგი არის დაკითხული და არ უნდოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ანუ რას გვეუბნება, რომ 2013 წელს ჩუბინიძე იგივე განკარგულებებს ასრულებდა, უფრო მოკლედ რომ ვთქვა 2013 წელს გამოცემული განკარგულება იყო სადღაც ოთხ მილიონზე, მე ვმუშაობდი თებერვლამდე და ვთქვა, მაგალითად, მე დავხარჯე x ნაწილი თანხის, ხოლო დანარჩენი დახარჯა ჩუბინიძემ ზუსტად იგივე სქემით, ზუსტად იგივე განკარგულების საფუძველზე. ამაზე თითქოს და იგი დაკითხულია, ჩვენ ვიცით, რომ განკარგულებებს გრიფი ადევთ და არ ხსნიან და ასეთ მოცემულობაში, როდესაც მე ბრალი წამიყენეს და შემრაცხეს დამნაშავედ, ანზორ ჩუბინიძის შემთხვევაში უკვე მეათე წელია პროკურატურა ფიქრობს წაუყენოს თუ არა ბრალი. ისევ იქამდე მივდივართ, რომ აქ არ არის დანაშაული, რა თქმა უნდა, არც ანზორ ჩუბინიძეს არაფერი დაუშავებია, ისევე როგორც მე, როგორც თემურ მღებრიშვილს, აქ არის ჩვეულებრივად ვიღაცის ახირება, რომ ვიღაც მიეცეს პასუხისგებაში.” - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, თემურ ჯანაშია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია "სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეში".
პროკურატურის ინფორმაციით, " რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.