შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის - კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და ეთიოპიის  მოქალაქეები

.ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.