რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.