შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეთა მიერ, საავტომობილო გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.