თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურის წარდგენილი ბრალით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი "ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.