ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები, სწორედ ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა და წარედგინა სასამართლოს, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ განაცხადა.

„10 თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ. ანასტასია ბეროშვილი მოგვიანებით გაჩნდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ანუ მისი არსებობის თაობაზე უკვე მიმდინარე წლის იანვარში გახდა ბრალდების მხარისთვის ცნობილი. რაც შეეხება აღნიშნულ ვადას, რატომ დასჭირდა 10 თვე პროკურატურას, დასჭირდა იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოგროვება ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში? ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები და სწორედ ერთ-ერთი ბინის, ნია იმნაძის ბინის აღჭურვილის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა და წარედგინა სასამართლოს.

თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ გაშიფრულიყო და დამუშავებულიყო, მოსმენილიყო, შესაბამისად, ამას საკმაოდ სერიოზული შრომა დასჭირდა სამართალდამცავთა მხრიდან და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადა. ეს არის იმნაძების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას, ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე. ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი არის ამ საქმის მთავარი მსჯავრდებული პირი, რომელსაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა და ასეც უნდა მოქცეულიყო. კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულებაა საქმეში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა ინფორმაცია შევიწროვებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, მან ეს ინფორმაცია გადასცა, როგორც თავისი კლასის დამრიგებელს, ლაურა დურმიშიძეს, ასევე თავისი ოჯახის წევრებს.  თავად თამარ ნავროზაშვილი და ვალერიან იმნაძეც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რომ ნია იმნაძისგან მიიღეს ინფორმაცია შევიწროებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა და რაც პროკურატურის სამტკიცებელიც არის.  ამაზე შემდგომ მე აუცილებლად მექნება საუბრები.

რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია, ამაზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამოთხოვილ ინფორმაციაში ასე ცალსახად, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა, ვერ დასტურდება და არ იყო ამის მტკიცებულებები, თუმცა იმნაძე აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ასევე ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი და პირველი პირი იყო. ამ ინფორმაციის მიწოდებით მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩასადენად. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მან წააქეზა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი, მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ვგულისხმობ, დიღმის ძალადობების ნაწილს, რომელიც ზოგადად ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება, გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ. ასეთი ადამიანის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც ნადირობდა ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზებაც იყო და ბიძგის მიცემაც. მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან, ისინი შეყვარებულები იყვნენ. შემავალ-გამავალი ზარების შესწავლითაც ფიქსირდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო მათი შეხვედრები. 26 სექტემბრის ფაქტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ დღეს ჩამოიტვირთა ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ფოტო გიგა ავალიანის სოციალური ექსელიდან, რომ უკეთ დაემახსოვრებინა და აღიქვა და შემდგომ თავდასხმა განეხორციელებინა მასზე. შემდგომ დღეებშიც, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მეორე დღესაც, 2 და 7  ოქტომბერსაც ისინი, ფაქტობრივად, სულ ერთად არიან, იმ მომენტში ხდება მათ შორის ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და კომუნიკაცია, მათ შორის ჯგუფის საერთო კონკრეტული მესიჯების დაწერა, რომელიც ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ და შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ამ საკითხებზე მათ ერთმანეთთან საუბარი არ ჰქონდათ“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. 

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა 

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.

2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე

2026 წლის 8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ათი წლითა და ექვსი თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.