საქართველოს პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა მარნეულის №69-ე საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების მიზნით საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენები ჩაყარეს, რამაც აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.