სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დავა საქართველოს სახელმწიფოს მოგებით დასრულდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინ რომ მისი დაკავება იყო არაკანონიერი და ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არც ერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება. კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს.
8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილი იყო, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პროკურატურის მხრიდან შესული თხოვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 მაისს ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.