თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლების დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს გიორგი არევაძეს, პროცესზე დაიკითხოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძე.

მოსამართლის განმარტებით, "ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს, მით უფრო, მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის თაობაზე. არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ის ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ამიტომ რატი ბრეგაძე არ უნდა იქნეს დაკითხული"

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი და დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე  და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.


გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.


ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით,  ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით,  ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს  და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.


სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის  სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან  მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე  და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს  ლევან ბუხაიძე,  ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა,  სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა,  მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის  გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ.

გარდა აღნიშნული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად  მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი  შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა.
საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ  ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.


2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს,  გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და  ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა  და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი.  სცემეს  სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.


გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.


მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს  მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში  ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის  ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ  ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.


„ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“  წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება.


ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით,  კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების  და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ამასთანავე,  საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის  მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის  უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან,  ბადრი პატარკაციშვილის  ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადი ოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს,  შპს „ტელეიმედის“  და შპს „რადიო იმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები.


2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც  ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი.


გარდა ამისა, 2008 წლის  თებერვალ-მარტში,  დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაეუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ  შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა).
კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის  გაფლანგვის ფაქტს.  აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.


2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით,  სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.


იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

პ.ს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაყვანილი იქნა კლინიკა "ვივა მედში", სადაც ამ დრომდე იმყოფება.