საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 აგვისტოს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულის მიმართ  ძალადობა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით  სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.