გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, გურიაში, იმერეთსა და შიდა ქართლში, 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი საამქრო უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
ასევე ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში. საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის, 2,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მელუშეეთში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი. ტერიტორიიდან ამოღებულია 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის დახერხილი ხე-მასალა.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნეს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.