„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა.
გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თარგამაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.