თუ მიხეილ სააკაშვილისგან მოსალოდნელი რისკები მისმა პატრონებმა რეალურად დაინახეს, იზრდება ალბათობა, რომ მათი მხრიდან ოქროს მოწმის მოცილების პერსპექტივა დადგეს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს პატრონებმა თუ ვერ უპატრონეს, შესაძლოა, ცუდად ალაპარაკდეს და მისმა საუბრებმა ძალიან ბევრ ფაქტს ახადოს ფარდა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სპეცოპერაციის გზით, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად შემოიყვანეს. ეს სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ იმ გარანტიების შესრულებას, რომლებიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა (რომ ქვეყნიდან გაიყვანდნენ). როგორც ჩანს, ამას ვერ ახერხებენ. იზრდება ალბათობა, რომ მან ამაზე დაიწყოს საუბარი. ფაქტები მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი იცის 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
მისი ალაპარაკება შესაძლოა ძალიან ბევრს არ აწყობდეს. მაგალითად, ხომ არ იყო 2008 წლის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის ზავის დადების გარიგება? საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე, ინტერესები სამ დღეში გადანაწილდა. თუ მიხეილ სააკაშვილისგან მოსალოდნელი რისკები მისმა პატრონებმა რეალურად დაინახეს, რა თქმა უნდა, იზრდება ალბათობა, რომ შესაძლოა, მათი [სააკაშვილის პატრონების] მხრიდან ოქროს მოწმის მოცილების პერსპექტივა დადგეს. ხელისუფლებამ ამ ფაქტებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რამეთუ მოცილების შემთხვევაში, დგება დამატებითი რისკები - ჩაითვლება, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს ვერ მოუარა, ან მის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან მძიმე იქნება. ეს სიმძიმე აწყობთ მათ, ვინც ყოველდღიურად ცდილობს, ქვეყანაში არეულობა მოაწყოს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.