იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ათი ქართველი მოსამართლის აშშ-ში საქმიან ვიზიტზეა საუბარი.

„ათი მოსამართლე 26 მარტი -7 აპრილის განმავლობაში იყო სასწავლო ვიზიტით აშშ-ში. ერთგვარად, პროვოკაციული იყო ის განცხადება, რაც გუშინ გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ისინი ამაყობენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეებით. იქ ფოტო იყო მოსამართლეების გამოდებული. როგორც ჩანს, ისეთი განცდის, აღქმის შექმნა უნდოდათ,  რომ აი, ესენი არიან, ვინც ამერიკაში მიბრძანდებიან სასწავლო ვიზიტით, ესენი არიან კარგი მოსამართლეები. დანარჩენი, ვისაც კრიტიკული პოზიცია გვაქვს ამერიკის მესვეურთა ქმედებებთან მიმართებაში, ვართ ცუდი მოსამართლეები. ანუ გათვლა, ისევე როგორც იმ სანქცირების გათვლა იყო განხეთქილების შეტანა. ასევე მესიჯი, გზავნილი თითოეული მოსამართლის მიმართ, რომ აი, თქვენ თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით, ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რომელიც მოეწონება ამერიკის ელჩს, მაშინ იგივე ბედი გელით, რაც დაემართათ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, შენგელიას. მეორე მხრივ გათვლაა იმაზე, რომ თუ ამერიკაში წახვალ, კარგი მოსამართლე ხარ, თუ არ წახვალ, ცუდი. მიზანი ერთია – სისტემის პარალიზება და შემდგომში გავლენის მოპოვება ამ სისტემაზე. თუმცა, ჩემი აზრით, ასეთი მეთოდები, ჯერ ერთი, რომ არ ეკადრება ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოს წარმომადგენელს როგორიც აშშ-ია, თან საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს და მეორე, ეს მეთოდი, ეს გათვლა არ მუშაობს და არც იმუშავებს მომავალში“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.