ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ამბროლაურსა და ონში ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ დახმარებით ჩატარდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზების და გენდერული სტერეოტიპების განხილვას.
საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.