2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში განვითარებული მოვლენები იყო არა მშვიდობიანი, არამედ კარგად ორგანიზებული, ძალადობრივი აქტი, რომელიც დასაწყისიდანვე მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას და საქართველოში ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ შსს-ს ანფარიში წარადგინა.

„მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით.

ამ კონტექსტში მოგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და როგორც თავად აქციის მონაწილეები აცხადებენ, 425 დღეა, ისინი პროტესტის რეჟიმში არიან. ის ფაქტი, რომ 425 დღე ნებისმიერ პირს შეუძლია, სახელმწიფოს ძირითად საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბოს და გამოხატოს პროტესტი ნებისმიერ საკითხზე, ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება.

რაც შეეხება 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო არა მშვიდობიანი, არამედ კარგად ორგანიზებული, ძალადობრივი აქტი, რომელიც დასაწყისიდანვე მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალებას და საქართველოში ხელისუფლების დამხობას“, – აღნიშნა დარახველიძემ.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს აქციაზე ჰქონდათ ისეთი კანონსაწინააღმდეგო ნივთები, როგორიცაა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, რკინისა და ხის ხელკეტები, კასტეტები, ე.წ. შურდულები, ქვები, რკინის კონსტრუქციები და სხვა.

„აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრებისთანავე, ორგანიზებულად იწყებოდა ძალადობრივი პროცესები, რომელიც გადადიოდა პარლამენტის შენობაზე თავდასხმასა და პოლიციელების მიმართ სასტიკ ძალადობაში“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, პოლიციის ქმედებების მთავარი მიზანი იყო ძალადობის შეწყვეტა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა.

„სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა გამოიყენეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ჩვენ ვიმოქმედეთ ზუსტად იმავე სტანდარტით, რითაც მოქმედებს მრავალი ევროპული ქვეყნის პოლიცია!“, – აღნიშნა დარახველიძემ.

დარახველიძემ ასევე ისაუბრა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მისიის შესასრულებლად თითოეული სამართალდამცველი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მათი წარმატებული საქმიანობა კონკრეტულ რიცხვებშიც  გამოისახება.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2025 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს – 67,25 პროცენტს მიაღწია; ამასთან, მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც – 2025 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 37 პროცვენტით არის გაზრდილი; უფრო კონკრეტულად კი, 2025 წლის მხოლოდ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-ზე მეტი ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. პოლიციამ ასევე აღკვეთა ნარკოტრეფიკის კიდევ ოთხი მასშტაბური შემთხვევა – ჯამში ამოღებულია დაახლოებით ერთ ტონამდე ჰეროინი, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ევროპის ქვეყნები იყო“, – განაცხადა დარახველიძემ.

ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„სახელმწიფოს ამ მიმართულებებით აქვს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, ნებისმიერ დანაშაულზე, სადაც იკვეთება დისკრიმინაციული მოტივი, ან ადგილი აქვს ქალთა მიმართ, ან ოჯახში ძალადობის ფაქტებს, მყისიერად იწყება გამოძიება და სახელმწიფო ატარებს, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ღონისძიებებს დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ“, – დასძინა დარახველიძემ.