შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების მიზანს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

„ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ, არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს იმ შემთხვევაში თუ აქვთ გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა, ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი ან მეტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა. ცვლილებების განხორციელებამდე არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, პირიქით, შესაძლებელი იყო, რომ მაგალითად, ერთკვირიანი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შემოსულიყო მაგალითად ავღანეთის მოქალაქე და საქართველოში დარჩენილიყო. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, რომ გამკაცრდეს მიდგომა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში, ვინაიდან ფიქსირდებოდა შემთხვევები მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის. ამიტომ გვსურს, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების მიზანს წარმოადგენს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადებაც გაავრცელა.