„თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა საყურადღებოდ  განცხადებას ავრცელებს. 

„თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ვიზიტორები ტყის მასივებში ბანაკდებიან, ანთებენ კოცონს და ტოვებენ დიდი რაოდენობით ნარჩენებს. დაფიქსირდა შემთხვევაც, როცა ტერიტორია მიტოვებულია ანთებული კოცონით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აქ არსებულ უნიკალურ ბუნებას და ადამიანების უსაფრთხოებას. 

გთხოვთ, გახსოვდეთ — დაცულ ტერიტორიებზე მოქმედი წესებისა და რეგულაციების დაცვა სავალდებულოა! მათი დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოექეცით თუშეთის უნიკალურ ბუნებას სიფრთხილითა და პატივისცემით — ის ჩვენი საერთო ეროვნული საგანძურია“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადებას თან ერთვის გარემოს დაბინძურების ფაქტების ამსახველი ფოტო მასალაც.

ცნობისათვის, თუშეთს ზაფხულის სეზონზე არაერთი სტუმარი ჰყავს. მთას სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ტურისტები.  
ვიზიტორებისთვის თუშეთის საავტომობილო გზა ძირითადად მაისის ბოლოდან იხსნება და ოქტომბრის ბოლოს იკეტება,  ზამთარში გადაადგილება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.