დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,კოლხეთის’’ დაარსების 102-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, კოლხეთელებს შეხვდნენ, საუკუნოვანი ბეჭდური მედიის დაარსების დღე მიულოცეს, შემოქმედებითი, ნაყოფიერი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადეს და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
საუკუნოვან გაზეთში, ათეული წლებია მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი ჟურნალისტები: საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, გაზეთ ,,კოლხეთის’’ მთავარი რედაქტორი, ნინო სართანია, ცენტრის დირექტორის მოადგილე, გაზეთის რედაქტორი, მედეა ბაღათურია, რედაქციის დიდი ოჯახის უხუცესი წევრი, ჟულიეტა ჩაჩიბაია, კორესპონდენტი, მაია გერგაია.
რედაქციის შემოქმედებით ჯგუფს შეუერთდა წლების მანძილზე გაზეთ ,,კოლხეთის” რედაქტორის, ვლადიმერ (ილო) წირღვავას შთამომავალი, სენაკელი ახალგაზრდა, გიორგი გარუჩავა.
,,ვულოცავ ყველა თაობის კოლხეთელს, ვულოცავ სენაკს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენთვის საამაყოა ბეჭდური ორგანოს ასეთი სიცოცხლისუნარიანობა, რაც იშვიათია და დასაფასებელი.
,კოლხეთის“ რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა.
გილოცავთ გაზეთის 102 წლის იუბილეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ - აღნიშნა შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა.