გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გურიიდან, ქალაქ ოზურგეთიდან ვულოცავ მთელ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სოფლის განვითარების სააგენტო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დაგეგმილი გვაქვს მრავალი აქტივობა - გამოფენილია სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, მოწყობილია არაერთი გასართობი სივრცე, მათ შორის, ბავშვებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი. ეს დღე გვაერთიანებს და სიამაყით გვავსებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ
ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას, მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ტარდება კულინარიული მასტერკლასები.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე შეიქმნა, იმართება საბავშვო სპექტაკლი, მოწყობილია საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტები. გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა.
17:10 სთ-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა.
ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.