მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელსაც 1977 წლიდან მსოფლიოს 150 ქვეყანა აღნიშნავს, ყოველწლიურად უერთდება სამტრედია.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა შინაარსობრივად მრავალფეროვან ღინისძიებებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
,,მნიშვნელოვანია, რომ აქ დღეს შეინიშნება ახალგაზრდების სიმრავლე. ნიკო ნიკოლაძის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მათ უკვე ბევრი იციან და სწორედ ეს არის იმედის მომცემი. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქიანობაში, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე ემსახურებოდა,” აღნიშნა დავით ბახტაძემ.
დღეს დიდ ჯიხაიშში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ქალაქ ფოთის სამხატვრო სასწავლებლის წარმომადგენლობა, რომლებმაც მოდელირების, კერამიკის, მინანქრის, ხისა და მინის მხატვრული დამუშავების ნამუშვრებით დედაენისა და სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი უნიკალური ნივთები გამოფინეს. როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელმა, მაია კოკაიამ აღნიშნა, მათი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუის მეგობრობა სხვა მასშტაბებს იძენს და კიდევ უფრო ფართოვდება. მათ მუზეუმს სასწავლებელში დამზადებული სანათი გადასცეს, რომელიც ერთ დროს ნიკო ნიკოლაძეს უსახსოვრეს, როგორც ქალაქ ფოთის მერს.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკას მიეძღვნა სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი საინტერესო ღონისძიება. სტუმრებს კი შესანიშნავი მეგზურობა გაუწიეს დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის გიდებმა. საინტერესო ნამუშევრები გამოფინა ხელოვანმა გიორგი მეშველიანმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქუთაისი ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა კალიგრაფიული ხელწერის ნიმუშები.
,,დიდი მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას მსგავსი სახის ღონისძიებებში და გვიჭერს მხარს. დღევანდელი დღის მიზანია კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, რამეთუ ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარსულს არ ეკუთვნის, ის დღევანდელობის ნაწილია და შთაგვაგონებს უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას,” აღნიშნა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა გიორგი ფანცულაიამ.