"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია რომელიც მქონდა 1991 წელს, მიუხედავად იმისა რომ ასაკით პატარა ვიყავი. მინდა ყველას ვუსურვო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად შრომობს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს“ -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისის დღესასწაული წელს, ქალაქ რუსთავში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო და შემეცნებითი სახის ღონისძიებებით აღინიშნება. 

თავისუფლების მოედანზე მოეწყო საგამოფენო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრები შეძლებენ სამხედრო ტექნიკის დათვალიერებას.

იმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო გასართობი ზონები ყველა ასაკის მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის, ასევე, ფლორისტების კუთხე, იმპროვიზირებული კაფე. გაიმართება ილუზიონისტის შოუ, თითების თეატრის წარმოდგენა. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები. 
ღონისძიების კულმინაციისთვის საგანგებოდ შეიქმნა ქორეოგრაფიული შოუ.

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. საღამოს, დასკვნით კონცერტში, მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. სადღესასწაულო კონცერტს დაასრულებს ჯგუფი ,,ურსა“.