ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს წევრი ამირან კოპალეიშვილი ასლანიკაშვილის ქუჩის #19 და #59-ის მიმდებარედ საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ქუჩის ამ მონაკვეთზე ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემებით. პროექტის ღირებულებაა 168 000 ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სულხან-საბას გამზირის ბოლო მონაკვეთზე. გზაზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე, გაკეთდება ტროტუარი და განათება. ჯამში, სულხან-საბას გამზირის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 1 123 000-მდე ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობა ერისთავის ქუჩაზე. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერისთავის ქუჩის#15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე შეექმნა. სკვერში გაკეთდება გაზონები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა საბავშვო მოედანი, განათება, გამწვანება, ფანჩატური. სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 998 ლარია განსაზღვრული.