ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), 2025-2026 აკადემიური წლისთვის, სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით, გაიარონ რეგისტრაცია 25 აგვისტოდან - 8 სექტემბრის ჩათვლით.
KIU დაინტერესებულ პირებს სამ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. ესენია: 1. “ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” (პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით); 2. “ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა (IP,In&En)” (ერთწლიანი პროგრამა შემუშავებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) და „საქპატენტთან“ მჭიდრო თანამშრომლობით); 3. “ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)” (პროგრამა შემუშავებულია კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით. ენიჭება ორმაგი ხარისხი).
ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ერთ-ერთ ლიდერ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები არიან ჩართულნი. FIM სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობს პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სტუდენტზე მორგებული გრაფიკით. პროგრამა აერთიანებს ციფრულ ფინანსებს, მენეჯმენტს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკას.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, 2025-2026 აკადემიურ წელს, 2 ახალი სამაგისტრო პროგრამით იწყებს. ესენია: „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა (IP, In& En)“ და „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)“.
ერთწლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა (IP, In& En)“ WIPO-ს რიგით მე-19 საერთაშორისო პროგრამაა და მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტზე მორგებული გრაფიკით, ჰიბრიდულ რეჟიმში და მას გაუძღვებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი და ქართველი პროფესორები. სამაგისტრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე და კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. პროგრამას ხელმძღვანელობს სამართლის დოქტორი, გვანცა გუგეშაშვილი.
სამაგისტრო პროგრამა „ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები (ECSY)“ კი კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტთან (RPTU) თანამშრომლობით ხორციელდება (გერმანია). ორმაგი ხარისხის, ორწლიანი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა იძლევა მაღალტექნოლოგიური განათლების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ინდუსტრიული პრაქტიკის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. პროგრამას ხელმძღვანელობს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ია მოსაშვილი. ამავე პროგრამას ჰყავს გერმანელი თანახელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ კუნცი (კაიზერსალუტერნ-ლანდაუს უნივერსიტეტი).
სამივე სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს მოამზადებს გლობალური სამუშაო ბაზრისთვის, კვლევისა და შესაბამის სექტორებში დასაქმებისათვის, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
• სამაგისტრო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ KIU-ს ვებგვერდზე: www.kiu.edu.ge
• სარეგისტრაციო ფორმა და რეგისტრაციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.kiu.edu.ge/geo/admission
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.