სტიქიამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია დენის მიწოდებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად 10 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა დენი. ამ დროისათვის 4 000 აბონენტს არ მიეწოდება დენი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ.

„ახლაც მუშაობს შესაბამისი სამსახური, რათა მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ დენის მიწოდება მოსახლეობისთვის, მაგრამ ინტენსიური თოვის შედეგად არის ადგილები, სადაც ორ მეტრამდე ადის თოვლის საფარი. ტექნიკას უჭირს გადაადგილება, რომ ადგილზე მივიდეს შესაბამისი სამსახური, რათა აღდგენითი სამუშაოები სწრაფად ჩატარდეს“, - განმარტა ზოიძემ.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, ზოიძის თქმით, დაახლოებით 200-მდე აბონენტს არ მიეწოდება ამ ეტაპისათვის გაზი. მისი თქმით, შესაბამისი სამსახური აგრძელებს მუშაობას, რათა ხვალისთვის გაზმომარაგება უკვე სრულად აღდგეს.

„იცით, რომ უკვე მეხუთე დღეა მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, რათა ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას. პირველ რიგში, მე მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო. იცით, რომ არის სტიქია, მაგრამ ამავე დროს მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჩვენს ხალხს. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა ყველა სოფელში, ასევე ქალაქში. როგორც კი მოვრჩებით ცენტრალური გზების გაწმენდას, შემდეგ ეტაპობრივად გადავალთ შიდა სასოფლო ჩიხების გაწმენდით სამუშაოებზე“, - აღნიშნა ზოიძემ.