შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება.
ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კილომეტრიან გზას უტარდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 26 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. გრძელდება სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც. „ხულო-ზარზმის გზაზე, მიმდინარე წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება. ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს. მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება“,-აცხადებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტში. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.