ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, დღეს სტუმრად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იშიძუკა ჰიდეკი მიიღო.

შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე , ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ნანა ცხვედაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს-„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის(GGP)“ - გამარჯვებული გახდა.

საგრანტო პროექტის ფარგლებში 61 864 დოლარის გრანტი მიიღო და აღნიშნული თანხით ახალ ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB ტრაქტორი) შეიძინა. კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს მუნიციპალიტეტის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, და აღნიშნა რომ გრანტის ფარგლებში შეძენილი სპეც- ტექნიკა წარმატებით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისების გასაუმჯობესებლად. კობა ლურსმანაშვილი: ,,სიხარულით მინდა განვაცხადო, რომ ეს სტუმრობა ხარაგაულისთვის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანია.

ხარაგაული გამოხატავს დიდ პატივისცემას იაპონელი ხალხის მიმართ. ჩვენ იმერეთში ტერიტორიულად ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი ვართ, სოფლებში ინფრასტრუქტურული სერვისების მიწოდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური ტექნიკა , რომლის შეძენა იაპონიის საგრანტო პროგრამით გახდა შესაძლებელი. ხარაგაულელი ხალხის სახელით, გამოვხატავთ მადლიერებას ამ დახმარების გამო.

გვაქვს დიდი სურვილი, რომ ეს ურთიერთობა საელჩოსთან წარმატებულად გავაგრძელოთ.

“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე: ,,პატივისცემას გამოვხატავ ელჩის და იაპონელი ხალხის წინაშე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად მუდმივი მზაობა, ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება.”

ბატონმა ელჩმა სიხარულით აღნიშნა , რომ გრანტი - იაპონელი ხალხის საჩუქარია, ხარაგაულის მოსახლეობისთვის.

,,მე კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელსაც ჩვენმა საგრანტო პროგრამამ მიაღწია. პროგრამა ორიენტირებულია იმაზე რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა“- განაცხადა შეხვედრაზე ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.