მოხალისეების ჩართვა საჭირო და აუცილებელი თუ გახდება, შტაბს ექნება მოწოდებაც და თავისი საკოორდინაციო მექანიზმიც, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში მოხალისეთა ჩართვა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემებს უკავშირდება.
თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ახლობლების მოკითხვას საკუთარი ძალებით, შეუსაბამო ტექნიკითა და შესაძლებლობებით ცდილობდნენ და საჭირო გახდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები მოქალაქეთა საჭიროებების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედებენ.
„შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიულობით ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ყველა საჭიროება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.