ეროვნული სატყეო სააგენტოს 2025 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები 29 000 ჰა-მდე ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი ათი წლისთვის ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც სატყეო სამეურნეო საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვის საფუძველია.
ინვენტარიზაციის სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული 10 მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული. საველე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 605 000 ლარია.
„ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2019-2024 წლებში გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 62 ახალგაზრდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა. დღეის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 870 000 ჰა ფართობზეა განხორციელებული; განახლებულია მონაცემები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-თვის“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
2025 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 000 ჰა-მდე ფართობზე განხორციელდება, რისთვისაც 1.550 მილიონი ლარი დაიხარჯება.