ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. 

ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და 50-მდე საცხოვრებელ სახლს დაუზიანდა სახურავი. არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე.

„შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა. მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები", - ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.