14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუმრებს ქართული ენის დღე მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა.

ალექსანდრე წულაძე: „გილოცავთ ქართული ენის დღეს, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ და ამით ყველა ერთმანეთს ვახსენებთ, რომ სახელმწიფო ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი და სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ზრუნვის საგანია.

ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში გვაძლიერებდა და გვაერთიანებდა. დღეს ჩვენი ვალია მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა, რაც დღესაც ისეთივე აქტუალურია როგორც უწინ. ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქართული ენის სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვისა და დიასპორისთვის. ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ბოლო 3 წლის მანძილზე მართლაც უზარმაზარ შედეგებს მივაღწიეთ.“

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ნინო წილოსანმა; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა
და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გია ალიბეგაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ქართული ენის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა:

დარეჯან თვალთვაძეს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მანანა კვაჭანტირაძეს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი

ავთანდილ არაბულს – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 

ელენე მაჭავარიანს – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი 

ლადო ზირაქაშვილს– თსუ-ს არაბული ფილოლოგიის დოქტორანტი

გია მურღულიას– ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი

ელზა აშიროვას – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

ვაზგენ კადჟოიანს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

აბილ ორუჯოვს – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

არამ ანტანოსიანს – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

გოშკარ კულიევს – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი


თამარ ჩხაიძეს – ქალაქ თბილისის 37-ე საჯარო სკოლის ქართული ენის
მასწავლებელი

ეკა ბუთხუზს – ქალაქ თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ქართული ენის
მასწავლებელი

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის ფასად დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება ქართული ენის დღედ 14 აპრილის გამოცხადება.