როდესაც „ოცნება“ ამობილიზებს მხარდამჭერებს, ამით ავტომატურად მათი მოწინააღმდეგეების მობილიზება ხდება, ანუ ფულს ესენი დახარჯავენ, მანქანებით ხალხს ჩამოიყვანენ, ამ დროს მათი მოწინააღმდეგე, პირიქით გაღიზიანდება და ეს ძალით გაკეთებული აქცია, მეორე მხრიდანაც  აქტიურობას გამოიწვევს,- ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„29 აპრილს დაგეგმილი აქციით „ქართულ ოცნებას" თავისი მხარდამჭერების მობილიზება და გამხნევება უნდა, რომ აი ნახეთ, რამდენი ვართ, ბევრი ვართ და ბევრნი არიან. 200 ათასი კაცი საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს და არავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ამ აქციას აქვს რამდენიმე ასპექტი, ძალიან ცუდი ხელისუფლებისთვის, პირველი - როდესაც ისინი ამობილიზებენ თავიანთ მხარდამჭერებს, ამით მობილიზება ხდება მათი მოწინააღმდეგეებისაც ავტომატურად. ანუ ფულს ესენი დახარჯავენ, მანქანებით ხალხს ჩამოიყვანენ, ამ დროს მათი მოწინააღმდეგე, პირიქით გაღიზიანდება და ეს ძალით გაკეთებული აქცია, მეორე მხრიდანაც იწვევს აქტიურობას. როდესაც 2012 წლის არჩევნები მოდიოდა, მაშინ სააკაშვილმა გადაწყვიტა სტადიონზე ჩაეტარებინა აქცია. ჩვენ, მაშინდელ ოპოზიციას ძალიან მოგვწონდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერები უფრო მეტად მოტივირებული გახადა ამ აქციამ, მითუმეტეს როდესაც ვნახეთ, რა შემადგენლობის იყო ის აქცია. მაშინაც, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების მობილიზება გააკეთა და სანამ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლას დაამთავრებდა, ხალხმა სტადიონიდან წასვლა დაიწყო, ვერ დააკავეს, რამაც დიდი სტიმული მისცა მაშინდელ ოპოზიციურ ამომრჩეველს. ძალა გაქვს ჭკუა არ გჭირდება - ემართება ყველა ხელისუფლებას. სააკაშვილიც გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ იდიოტობების გაკეთება დაიწყო ბოლოს. ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ძალიან რაციონალური კაცია, ასეთ სისულელეებს აკეთებს",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.