შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის ელჩი საკმაოდ ამოვარდნილია ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოებიდან. როცა ხარ ელჩი, პირველ რიგში შენს სახელმწიფოს წარმოადგენ და და პატივს სცემ იმ [მასპინძელი] ქვეყნის ხელისუფლებას, სახელმწიფოს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოში გერმანიის ელჩზე პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ელჩმა ქვეყანაში შეხვედრები არ უნდა გამართოს.

„შეიძლება, შეხვდე ოპოზიციის წარმომადგენელსაც, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ პოზიციონირებდე და წარმოადგენდე რაიმე მხარეს. ეს არ არის დიპლომატიის საქმე. შეიძლება, შენი მოსაზრებები და პოლიტიკური შეხედულებები შენს ქვეყანას აცნობო, ბუნებრივია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ და იქ აწვდი ამ ინფორმაციას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელჩ ფიშერთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორ ფორმას მიმართა, როდესაც დაიბარა, რამდენადაც ეს მიღებულია ფორმაა.

ზურაბ აბაშიძემ გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობასა და ზოგადად ელჩების როლზეც ისაუბრა.

„გერმანიასთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები და ბუნებრივია, დიდი დახმარებაც გაუწევია გერმანიას ჩვენთვის. რაც შეეხებათ ელჩებს, ელჩები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან. ელჩი არ არის საქართველოს მოქალაქე, წავა ამ ქვეყნიდან და მან უნდა დატოვო კვალი - როგორ იმუშავა, რა გააკეთა, როგორ გააძლიერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ეს ხელისუფლება მოსწონს თუ არა“, - განაცხადა აბაშიძემ.

გერმანიამ პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მანამდე პეტერ ფიშერის საქმიანობასთან დაკავშირებით გერმანიის ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა.