„2011 წელსაც კი ოცნებაშიც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებიდან გავისტუმრებდით, ჩვენ კი, შევძელით და ეს ოცნება ავუსრულეთ ქვეყანას, აი, ამიტომ დავირქვით „ქართული ოცნება“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა თბილისისათვის“ თავმჯდომარის მოადგილის ცოტნე კობერიძის ბრალდებების საპასუხოდ, სადაც ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ დაირქვა პარტიამ „ქართული ოცნება“.
“ჩვენი მიზანი, ევროკავშირისა და ნატოს წევრობაა და არც ერთ ხელისუფლებას ამ გზაზე იმდენი არ გაუკეთებია რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა.
არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო პლატფორმა და ორგანიზაცია, პოლიტიკური შეფასება და გადაწყვეტილება, სადაც საქართველო არ ყოფილიყო მთელი მსოფლიოს გვერდით უკრაინის მხარეს. ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც თავად უკრაინული მხარე აღიარებს, რომ უპრეცედენტოა. აღარაფერს ვამბობ, სხვა იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელსაც უკრაინის 300 ათასზე მეტ მოქალაქეს დღესაც მაქსიმალურად ეხმარება ჩვენი სახელმწიფო. 200 ათასზე მეტმა უკრაინელმა ამ ომის დროს გაიარა ჩვენი ქვეყანა და მათგან 30 ათასზე მეტი დღესაც ცხოვრობს, შრომობს და სწავლობს საქართველოში“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ყველაფერს მადლიერების გამო არ აკეთებს, ეს მისი ვალია.
„უკრაინელ ხალხს აქვს საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ, არავის შესაქებად და არავის დასაძრახად არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდება და 2023 წელსაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება იყოს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ეს“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.