საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ... - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
"თუმცა, გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა ქვეყნის დაქცევა უნდა!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუკში" .
ცნობისთვის, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას იწუნებს.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა.
„დემოკრატიასაც აქვს ძალიან ცუდი თვისებები. მაგალითად, ერთ-ერთი ცუდი თვისება არის, როდესაც ვიძახით, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. კი, რა საკვირველია. მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე? სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“, - მიიჩნევს ალასანია.