შკარად ჩანს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს პროექტ "არესტოვიჩის" შექმნა, დამკვიდრება და ტვინებში ჩაჭედვა. როგორც ჩანს, ან თავისთავად პროქტად გამოიყენებენ, ან რომელიმე პროექტს მიაბამენ. პროექტ "არესტოვიჩის" მიზანია შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო და გულგატეხილი ელექტორატის თავმოყრა.
უკვე ნათელია, რომ იგი მთავარ დარტყმას მიმართავს ზელენსკისკენ და მას ბრალად წაუყენებს სამხედრო და პოლიტიკური პროცესების არასწორად წარმართვას. – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მისი მთავარი მახასიათებლებია:


1. არესტოვიჩმა, ვითომც აქ არაფერიაო და თითქოს უახლოესი წარსული წაშლილია, გადააბრუნა ფირფიტა და მისგან ქმნიან მთავარ ანტიზელენსკის. ამ საკითხში ტემპერატურა სულ უფრო მოიმატებს.
2. საუბრობს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლიბაზე, რითაც უკრაინის არსებული ხელისუფლების სრული ანტიპოდი და უკრაინელი შუაშისტების ლიდერი ხდება.ამავე დროს, ინტენსიურად ამკვიდრებს არსებული ხელისუფლებისადმი ნიჰილიზმს და სრულიად განსხვავებული სახის ხელისუფლების მოთხოვნილებას აჩენს.
3. დაჟინებით ამკვიდრებს აზრს, რომ უკრაინაში  კორუფცია მძვინვარებს და ხალხს ჰპირდება რომ თვითონ ახლა უკვე ნამდვილად და საბოლოოდ ამოშანთავს კორუფციას. ზოგადად ემუქრება ვიღაცებს, გვარების დაუსახელებლად. ეს აპრობირებული პოლიტიკური ილეთია.
4. მოირგო ეროვნული მართლისმთქმელის მანტია, ვითომ თვითონ ერთადერთია, ვინც გულახდილად საუბრობს ისეთ თემებზე , რასაც სხვები თავს არიდებენ. ამ აზრის დამკვიდრებას მხოლოდ ხელს შეუწყობს მის მიმართ დაწყებული გამოძიება, რაც მის წისქვილზე ასხამს წყალს და თუ დააპატიმრეს, ეს ხომ საერთოდ მისი ტრიუმფი იქნება, რადგან საბოლოოდ გადაიქცევა დემოკრატიისა და სამართლიანობის ბრძოლის სიმბოლოდ.
5. ყველა დიდი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ამ დროს, არესტოვიჩმა პოლიტოლოგობასთან ერთად, მედიის დიდი ხელშეწყობით, დიდი მხედართმთავრის მანტიაც მოირგო და განუწყვეტლივ უხსნის ხალხს, როგორ უნდა დაგეგმილიყო ფართომასშტაბიანი ოპერაციები. აღარავის ახსოვს და არც მედიას აინტერესებს, რომ იგი არის  ლეიტენატი, რომლის მსგავსიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვედრო მანეთად იშოვება, ოღონდ ყველამ არესტოვიჩივით "ჩამთრევი" მუსაიფი არ იცის. არც იმაზე ამახვილებს ვინმე ყურადღებას, რატომ არ არის ლეიტენატი წინა ხაზზე. 
6. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც არესტოვიჩის პროექტის არაშემთხვევითობაზე მიანიშნებს - მაშინ როცა, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინაში გარკვეული მედიაშეზღუდვები მოქმედებს, არესტოვიჩი სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სულ უფრო მეტად მოთხოვნადი და ჰიპერაქტიური რესპოდენტი ხდება და, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ესაუბრება ხალხს და იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საგულისხმოა, რომ მას დიდ დროს და ყურადღებას უთმობენ გორდონი და ლატინინა, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ. ისინი ერთი მხრივ ხელს უწყობებ მის პოპულარობას და, ამასთან, მისგან დემოკრატი ლიდერის ტიპს ქმნიან. 
7. დაბოლოს. არესტოვიჩის მთავარი დამახასიათებელია და  საინტერესო ნიშანია ისიც,  იგი ხშირად, სრულიად უპრობლემოდ, რადიკალურად იცვლის პოზიციებს.
8. ბოლო პერიოდში მოულოდნელად და ინტენსიურად დაიწყო უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისთვის (მნიშვნელოვანი ელექტორატია) თავის მოქონვა, რაც ადრე არ ახასიათებდა.
9. როგორც ჩანს, პროექტი "არესტოვიჩის" ავტორები ვარაუდობენ, რომ რაღაც მომენტში ეს პროექტი მისაღები გახდება კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისთვის. -    წერს ვასილ მაღლაფერიძე.