ერთადერთი ახალი რაც ამ კანონს შემოაქვს „აგენტის სტატუსია“ - ამის შესახებ იურისტი კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების თემაზე მიმდინარე ხმაურიან დაპირისპირებას ეხმაურება.
მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ამ კანონით ხელისუფლება საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაზე ზრუნავს. რეალური ამოცანა ძალაუფლების კონსოლიდაცია და სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფალი პროფკავშირების, მედიის, კვლევითი ცენტრების, სათემო და უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტიგმატიზაცია და საჯარო სივრციდან გაძევებაა.
საგადასახადო სამართალში ოდნავ მაინც თუ ერკვევა ადამიანი, იცის რომ დღევანდელი კანონებით, საქმე სულაც პირიქითაა, სახელმწიფოს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს ყველა ამ ორგანიზაციაზე ვიდრე მისი დამუშავება შეუძლია. მოდი ვნახოთ, ამ კანონის გარეშეც, რა მონაცემებია დღეს სახელმწიფოს ხელში:
სახელმწიფოს ამჟამადაც მიუწვდება ხელი ყველა იმ დაფინანსების წარმომავლობაზე რასაც ეს ორგანიზაციები იღებენ, შემოწირული 1 ლარიდან გრანტებამდე; სახელმწიფოს რეალურ დროში აქვს ინფორმაცია ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ყველა ადამიანის ვინაობისა და შემოსავალის შესახებ, დირექტორიდან სტაჟიორამდე; სახელმწიფომ ამ მომენტშიც იცის ამ ორგანიზაციების ყველა დაფინანსებული აქტივობის შესახებ, მენიუც კი იციან ლექციის მერე ვახშმის სუფრაზე რა დევს;სახელმწიფო ახლაც ფლობს დეტალურ მონაცემებს ამ ორგანიზაციების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ. ერთადერთი ახალი რაც ამ კანონს შემოაქვს „აგენტის სტატუსია“. ერთი ამოცანა რაც არის ზემოთ დავწერე და დამატებით ისიც უნდა ვთქვა, რომ მისი განზრახვა ღირსების შელახვაა. ეს კანონი უღირსად აცხადებს განურჩევლად ყველას ვინც მას წინ ეღობება. აქ მარტივ არაპროპორციულობაზე, ართანაზომადობაზე, განუჭვრეტადობაზე არ არის საუბარი, კანონს მიზანში ღირსება ამოუღია და ცდილობს ადამიანები ამას შეაგუოს. ეს კი უფრო სახიფათოა ვიდრე უბრალოდ უხეირო სამართალშემოქმედების გვერდითი მოვლენა, ეს კანონი საზოგადოების ღირებულებათა სისტემას უქმნის საფრთხეს. - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.