„ამერიკელებმა, როდესაც ეს კანონი მიიღეს ისინი ებრძოდნენ თავის მოწინააღმდეგეებს. ფაშისტური გერმანია არსებობდა, არსებობდა საბჭოთა კავშირი, კომუნისტური რეჟიმი და მათთვის გასაგები იყო რას ებრძოდნენ, რა იყო ანტიამერიკული, რა იყო იმ ამერიკული იდეალების საწინააღმდეგო, რისთვისაც კანონს იღებდნენ. ჩემი აზრით, ჩვენ არ ვიცით რა არის პროქართული და რა არის ანტიქართული. რა არის ჩვენი ინტერესების შესაბამისი და რა არ არის“, - ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ორი მნიშვნელოვანი თემის „თავდაცვის კოდექსის“ და ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის გადასაფარად, გამიზნულად დაიწყო აგენტების კანონის განხილვა.
„შეგიძლიათ უყუროთ თავდაცვის კომიტეტის გუშინდელ სხდომას. თქვენ ნახავთ, რომ ეს პარლამენტი არ არის, სადაც ასეთი სხდომის გამართვაც კი შეიძლება. სახალხო დამცველი ისე უნდა ავირჩიოთ, რომ სახალხო დამცველთან ვერ ვილაპარაკეთ. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული ანტიქართული ტექნიკა“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.