ჩვენ ყოველთვის გვქონდა მოლოდინი, რომ ისინი გაერთიანდებოდნენ, ბედნიერი ვარ. უბრალოდ, არ ვიცი, რა დააშავეს ჩერგოლეიშვილმა, შალვა ნათელაშვილმა, დოლიძემ, რატომ არ არიან ისინიც ამ გაერთიანების ნაწილები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, რაც უფრო მეტი მსგავსი ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, მით უფრო ნაკლები იქნება შანსი ოპოზიციური ხმების დაკარგვის.
„ამომრჩევლისთვის გასაგები იქნება, რა ნომერს უნდა მისცეს ხმა. ნომერიც კი უცნობია, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ოპოზიციის მხრიდან, მით უმეტეს, თუ ისინი ასე პრობლემატურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ქმედებას, უბრალოდ, აუხსნელი იყო. იმედი მაქვს, ახლა მაინც ეს კონკრეტული დაპირება საზოგადოების მიმართ შესრულდება და გვეცოდინება კონფიგურაცია მაინც. შემიძლია, ვივარაუდო, როგორც მე ვგულშემატკივრობ ამ გაერთიანებას, კუბილიუსიც ანალოგიურად გულშემატკივრობს. არ გამოვრიცხავ, ეს რეკომენდაციაც ყოფილიყო ევროპელი კოლეგების მხრიდან, რადგან არ მგონია, მათთვის გასაგები იყოს ის ვაქხანალია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე ხდება. ჩვენ ვართ სრულიად გამორიცხული მსგავსი ტიპის წინასაარჩევნო შეთანხმებებიდან, რადგან ჩვენ ვართ მართლა პარტია, ყოველგვარი მორიდების და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, ვისაც გაგვაჩნია იდეოლოგია. ეს პარტიები ერთად ჯგუფდებიან, რადგან, საბოლოო ჯამში, რასაც უფროსი იტყვის, ის იქნება. ჩვენს პარტიაში ასეთი მოწყობა არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, მათთვის პრობლემურია ისეთი ტიპის არაკომფორტულ ხალხთან ურთიერთობა, როგორიც ჩვენ ვართ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.