რუსული მოდელი გადმოღებულია საქართველოში და ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ვახო სანაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა,  რითაც  „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„ეს არის ძალადობის ტოტალური სივრცე, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება სადმე ჩუმად ოთახში სატელეფონო ზარით ან მინაწერით დაავალებს სადმე და გაუშვებს ოპონენტების საცემად თუ უარესი ხდება,. ყოველდღიურად ეთერში არის ძალადობისკენ მოწოდება. რუსული კანონის მიმღებებს, ლავროვის მიმღებებს, პუტინის მეხოტბეებს და ათას რუსულ უბედურებაში გახვეულ ხალხს თურმე პრორუსი სწყინს, რა პრორუსი - პუტინისტები არიან პირდაპირ. რუსული მოდელი გადმოღებულია საქართველოში და ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. ტოტალურ ძალადობაზე დგანან, ამის შედეგია ის, რაც მიშასთან დაკავშირებით მოხდა, ქართული ოცნების მესიჯბოქსით იყო წარმოდგენილი თავდამსხმელი," - ამბობს ვახო სანაიამ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.