თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ კოლეგას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.

მინისტრებმა განიხილეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.