რა კეთდება იმისთვის, რომ გამოირიცხოს ის საფრთხეები, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან საარჩევნო პროცესის დროს აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირდაპირ მინდა მივმართო შოთაძეს, დღეს ყელმოღერებული რომ გველაპარაკებოდა, ისევე როგორც სუს-ის ხელმძღვანელს - ძალიან კონკრეტული საკითხი არის, რაზეც დღეს ამერიკელები საუბრობენ, რაზეც ევროკავშირის სახელმწიფოების, კანადის, ავსტრალიის დაზვერვის სამსახურები საუბრობენ, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ჩარევა მათ საარჩევნო პროცესებში, ერთ-ერთი ყველაზე ბოლო იყო კანადაში ჩატარებული არჩევნები, რაზეც უზარმაზარი ანგარიში გამოქვეყნდა, როგორ ცდილობდა რუსეთი ჩარევას. ჩემი კითხვა ძალიან მარტივია - იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური განცხადებები გვიკეთონ სამართალდამცავმა და უსაფრთხოების სამსახურებმა, მინდა ვთხოვო, რომ იქნებ საზოგადოების წინაშე წარდგნენ ანგარიშით და მოგვიყვნენ, რას აკეთებენ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ან მინიმალიზება მოხდეს იმ საფრთხეების, რომელიც აუცილებლად იქნება ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან საარჩევნო პროცესის დროს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ცდილობს რუსეთი საარჩევნო გავლენის მოპოვებას, ამიტომ ვისაც უნდა იმას სდიონ ამ სასაცილო პროცესში იყვნენ, ამის არავის ეშინია, მაგრამ ამის პარალელურად, სინამდვილეში ქვეყანას საიდანაც ემუქრება საფრთხე იმაზე გაგვცენ პასუხი, რა ღონისძიებებს ატარებენ, რა ტიპის უსაფრთხოების ზღუდეს უქმნიან საქართველოს, რომ მოქალაქეებმა მშვიდად იგრძნონ თავი მოახლოებული არჩევნების წინ," - ამბობს ხიდაშელი.