„როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელიც წაართვა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამასთანავე, დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია.“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, გუშინ ღამით წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი და ამით ევროპული პერსპექტივა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სულ რამდენიმე საათში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რეზოლუციაზე, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს ხუთშაბათს და სადაც ბუნებრივია საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ამ რეზოლუციაზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ წინა კვირას ვიზიტისას და რა თქმა უნდა, მიზანია საერთაშორისო არ აღიარების შენარჩუნება, იმ შედეგების არ აღიარება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და რომელიც ჩვენ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უნდა გახდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი.
ამასთანავე მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფ დასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას. სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ