„პრეზიდენტ სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია. პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს  პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას.

პირველ რიგში, ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა.

ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პარალელურად, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო და მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის დავალებით პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა უკვე ორმაგი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლედ წოდებული მიხეილ ჯინჯოლიას უკანონო გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არ აქვს ანალოგი, რადგან არც ერთი პატიმარი - პოლიტპატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის გარდა - არ იხდის ორმაგ პატიმრობას.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია უკანონო პატიმრობაშია, აღმკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს  პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის.

ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია შევთანხმდეთ მომავალზე - რადგან, მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ევროპულია.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას