ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საკითხს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
"სამწუხაროდ, სტატუსის მინიჭება/არმინიჭების საკითხს პრეზიდენტი იყენებს საკუთარი გარკვეული ინტერესებისთვის. მათ პოლიტიკურსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეს [ზურაბიშვილს], მას მერე რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში საქართველოს საზიანოდ. რაღაც პირადი ინტერესით მანიპულირებს სტატუსით. ვფიქრობ, რომ არამც თუ დროულია, ძალიან საშურიც არის მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, იმიტომ რომ ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება - ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს.
მახსოვს, რომ უვიზო რეჟიმის დროს მთავრობაშიც კი გვქონდა როლები განაწილებული. ეკონომიკის მინისტრს მიჰყავდა გარკვეული საკითხები, მე მევალებოდა გარკვეული ორი ბლოკი (უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის საშინაო დავალებები ერქვა, რაც ბრიუსელმა დაგვიდგინა და ბლოკებად იყო დაყოფილი და ორი ბლოკი იყო იუსტიციის სამინისტროსი პასუხისმგებლობა). სადაც ვიკვეთებოდით, ვთანხმდებოდით ვინ რა როლი ითამაშოს, ვინ ვის დაეხმაროს, რომ ქვეყანა გამოვიდეს გამარჯვებული.
აი ეს პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ის, ერთი ქალი ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს. მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენისა თუ მიზნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია რაც იქ არ არის, სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.